ვიდეოფაილები

четверг, 7 июня 2012 г.

პროექტის შედეგი

  როგორც ნათელია, არტ–თერაპია არის ეფექტური მეთოდი ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენის პროცესში. საქართველოში ეს მეთოდი არ არის საკმარისად გამოყენებადი, კვლევები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდათა უმეტესობა არაა ინფორმირებული მისი არსისა და მნიშვნელობის შესახებ,  მხოლოდ ათამდე დაწესებულება იყენებს ამ მეთოდს ფსიქოდიაგნოსტირებისა და ფსიქოთერაპიისას, ამოტომაც საჭიროა ამ მეთოდის პოპულარიზაციაზე ზრუნვა და ჩემი აზრით, სწორედ საბაკალავრო სწავლების დროს უნივერსიტეტებში  ფსიქოლოგიის  ფაკულტეტის სტუდენტები უნდა დაეუფლონ ამ მეთოდს, რისთვისაც სასიკეთო  იქნება ამ სასწავლებლებში არტ–თერაპიის ცენტრების დაარსება.  

  

ინტერვიუ

     მე ვესაუბრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს და ფსიქოლოგიის დოქტორს, ქალბატონ რუსუდან მირცხულავს, გთავაზობთ ამ ინტერვიუს:
     – ქალბატონო რუსუდან, საქართველოში რამდენად გამოიყენება არტ–თერაპიის მეთოდი ფსიქოლოგიური დახმარების პროცესში?
     –ეს მეთოდი საქართველოში გამოიყენება, მაგრამ არა იმ ინტენსივობით, რა ინტენსივობითაც, წესით, უნდა გამოიყენებოდეს. მაგალითად, მე და ჩემი კოლეგები ვიყენებთ ხოლმე ამ მეთოდს ლტოლვილებთან , განსაკუთრებით აქტიურად ვიყენებდით 2008 წელს ომის შემდეგ,  გორში მიდიოდნენ ჩემი სტუდენტები და ლტოლვილებს  უტარდებოდათ ექსპრეს–კურსები, ვინაიდან ეს იყო ძალიან მტკივნეული პრობლემა და სწრაფად გადასაწყვეტი, ამიტომაც შევიმუშავე ექსპრეს–კურსი, სტუდენტები, ასე ვთქვათ, მოხალისეებად მუშაობდნენ, ძალიან საინტერესოა, რომ მოვიდნენ ჩვენთან არამარტო ფსიქოლოგები, არამედ გარეშე პირები, რომლებიც იღებდნენ ინფორმაცის, ეცნობოდნენ ექსპრეს–ტექნიკებს და მერე მიდიოდნენ გორში, მუშაობდნენ ლტოლვილების დასახლებებში  და ძალიან ეფექტურად იყენებდნენ არტ–თერაპიას. დღესაც ეს მეთოდი გამოიყენება სხვადასხვა მიზნით, თუმცა, მიმაჩნია რომ არა იმ ხარისით და დოზით, როგორაც  საჭიროა.
       – ამ კვლევით ვებ–პროექტზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ ფსიქოლოგიური დახმარების მხოლოდ ათამდე დაწესებულება იყენებს არტ–თერაპიის მეთოდს საქართველოში და დიდია თუ მცირე ეს მაჩვენებელი ?
        – ეს არის ძალიან მცირე, მე მიმაჩნია, რომ  ამ მეთოდის მეტი პოპულარიზაციაა საჭირო, მაგალითად, საქართველოს უნივერსიტეტში შემომთავაზეს,რომ გავაცნო ინფორმაცია სტუდენეტებს ამის შესახებ. თუკი იქნება სტუდენტებისგან მეტი ინიციატივა, შეიძლება უნივერსიტეტებში არტ–თერაპიის ცენტრები დაარსდეს, და ინტენსიურად წავიდეს მუშაობა ამ მიმართულებით.
         – ანუ არტ–თერაპია არის ეფექტური საშუალება ფსიქოლოგიური დახმარების საკითხში? იძლევა იგი პაციენტის სრულად განკურნების, პრობლემის ძირფესვიანად აღმოფხვრის საშუალებას?
          – რა თქმა უნდა, მაგალითად,  ფელიქს კელერმანი ფსიქოდრამის ერთ–ერთი ძალიან სერიოზული პრაქტიკოსი–თეორეტიკოსია, იგი ამბობს, რომ ეს მეთოდი ყველა შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენება, ნებისმიერი ფსიქოლოგიური თუ სოციალური პრობლემის დროს. თუმცა მეთოდის შერჩევა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.
         –  ამ მეთოდს უკუჩვენებები არა აქვს?
        – მე,მაგალითად, ლიტერატურაში არ შემხვედრია უარყოფითი გავლენა ამ მეთოდის, და არც ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა რომ ამ მეთოდს უარყოფითი შედეგი გამოეღოს.
         –ე.ი. თვლით რომ არტ–თერაპია იმდენად ეფექტური და სასარგებლოა, რომ მეტად უნდა გაფართოვდეს?
        – დიახ, უნივერსიტეტებშიც რომ შეიქმნას არტ–თერაპიის ცენტრები, მგონია, რომ ძალიან ეფექტურად იმუშავებს, ილიას უნივერსიტეტში აუტიზმის ცენტრში იყენებენ არტ–თერაპიას, რადგან აუტისტებთან მართლაც ძალიან  ეფექტურია ხელოვნებით მკურნალობის მეთოდის გამოყენება, თუმცა შეიძლება ეს მეთოდი გამოყენებულ იქნას უფრო ფართო მნიშვნელობით, ფართო დიაპაზონით, თუკი უნივერსიტეტებში შეიქმნებოდა არტ–თერაპიის ცენტრები, ვისწავლიდით ამ მეთოდის გამოყენებას უფრო ფართო რეგისტრის პრობლემებთან დაკავშირებით, და  ვიკვლევდით ამ მეთოდს მეცნიერული თვალსაზრისითაც, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ღირებული იქნება უნივერსიტეტებისთვის, და რა თქმა უნდა,  ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაც.

среда, 6 июня 2012 г.

ხატვით თერაპია

     ყველაზე გავრცელებული ფორმა არტ_თერაპიაში არის ხატვით თერაპია. ხატვით თერაპიაში მუშაობენ ქაღალდით, საღებავითა და ფუნჯით, ხშირად აკვარელით, ასევე ცარცით, ფანქრით და ნახშირით, ხატვით თერაპიის პროცესში ჩნდება ფერები და ფორმები, ხაზები და სიბრტყეები, მოძრაობა და შეგუბება. საკუთარ ქმედებასა და ქაღალდზე აღბეჭდილ მის შედეგებში, ისევე როგორც მათ სამშვინველში აღძრულ განცდებში, პაციენტი აღიქვამს, რომ ხელოვნებით პროცესებს კავშირი აქვს მასთან და მისი სხეულებრივი თუ მშვინვიერი ავადმყოფობის მიმდინარეობასთან. იგი შეიცნობს და აღმოაჩენს საკუთარ თავსა და ავადმყოფობის სიტუაციას. ხატვით მკურნალობის სავარჯიშოებს, მივყავართ პაციენტის გაღრმავებულ წვდომამდე საკუთარი განცდისა, რომელიც ავადმყოფობით ან კრიზისული მდგომარეობით არის აღბეჭდილი. ამგვარი გაძლიერებული ხელოვნებითი თერაპიული სავარჯიშოებით მოიპოვებს იგი საკუთარ თავთან, საკუთარ ტკივილთან და საკუთარ ცხოვრებასთან შემოქმედებითი მიდგომის ახალ შესაძლებლობებს.
  ხატვით თერაპია მოიცავს ნახატების გაფერადებას, შემოქმედებით ხატვას, ან ხატვას თერაპევტის დავალებით. მოდით გადავხედოთ თერაპიის მარტივ მაგალითებს :)
1.რომ განიკურნო შიშისგან, უნდა დახატო შიში, როგორც წარმოგიდგენია. შემდეგ უნდა გააანალიზო რა გაშინებს. შემდეგ დაამატე დეტალები, რომლებიც მას უკვე არასაშიშს გახდის.
2.ვისაც დეპრესია აწუხებს, უნდა მოიშოროს ყავისფერი და შავი ფერის ფლომასტერები. შეიცვალოს მკვეთრი, ნათელი ფერებით. უნდა დახატოს ის, რაც ადრე ახალისებდა, დაკიდოს თვალსაჩინო ადგილას და როცა მოიწყენს, შეხედოს, ათვალიეროს.
    ხშირად თერაპევტი აძლევს პაციენტს დავალებას, რომ დახატოს რაიმე სურათი. ასეთი ცნობილი დავალება არის ვარდის ბუჩქი, თერაპევტი აკვირდება, თუ როგორ გამოიყურება ბუჩქი, ასევე ავალებენ ოჯახის, იჯახის წევრების დახატვას, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ერთი და ორი ნახატი დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა. აი მაგალითად, ბავშვები სპონტანურები არიან, მათ სწრაფად ეცვლებათ განწყობა, ამიტომაც მათი ერთჯერადი ნამუშევრები ნაკლებად სანდოა, თუმცა ისინი, მართალია, ზრდასრულებისაგან განსხვავებით უფრო ღარიბი ფორმებით , მაგრამ მეტად ემოციურად და მგრძნობიარედ ხატავენ, მაგრამ ფსიქოლოგების თქმით, არ უნდა გახდეს შეშფოთების მიზეზი ის, რომ ბავშვი სისტემატურად ხატავს ურჩხულს, ეს არ ნიშნავს რომ მას აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური დარღვევა, შეიძლება მან უბრალოდ მულტფილმი ნახა ან ეს პერსონაჟი კომპიუტერული თამაშიდან დაამახსოვრდა (თუმცა აგრესეული თამაშების მავნე ზეგავლენა სხვა საკითხია), ბავშვები ხშირად სარკისებურად ასახავენ თავიანთ ემოციებსა და განცდებს, და მან ეს პირდაპირ დახატა, მაგრამ როდესაც ზრდასრული ადამიანი ხატავს ბოროტ ურჩხულს ან რაიმე მის მსგავსს, ეს უკვე შეიძლება იყოს ფიქოლოგიურ პრობლემაზე მიმანიშნებელი, ცხადია, ეს არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დიაგნოსტირების საშუალებას, მაგრამ იძლევა გარკვეულ მანიშნებლებს, რასაც შეიძლება ჩაეძიო და ჩაუღრმავდე. დიაგნოსტირებისას მნიშვნელობა ენიჭება რა ფერებს გგამოიყენებს ადამიანი, როგორ ფორმებს, სად განალაგებს ამა თუ იმ ფიგურას, ფურცლის რომელ მხარეს დატვირთავს მეტად და ა.შ.

понедельник, 4 июня 2012 г.

არტ–თერაპიის საწყისები

   არტ–თერაპიის სული ჩამდგმელად პითაგორას მიიჩნევენ, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ფიზიკურ და სულიერ სნეულებებს ქნარზე შესრულებული მუსიკით კურნავდა. არტ–თერაპია დაკავშირებულია მითოლოგიური პერსონაჟის, ანტიკური ღვთაების სახელთანაც, დიონისე ბაკქოსის დღესასწაულებზე გამართული თეატრალური სანახაობა–კარნავალი, რომელშიც მთელი მოსახლეობა ღებულობდა მონაწილეობას, შესაძლებელია თანამედროვე არტ–სესიის წინაპრადაც მივიჩნიოთ, ტერმინი არტ–თერაპია ფსიქიატრსა და არტ–თერაპევტს – ა..ჰილს –ეკუთვნის, რომლის ნაშრომმა ''სახვითი ხელოვნება ავადმყოფობის წინააღმდეგ'' ავტორის კლინიკური გამოცდილება შეაჯამა. არტ_თერაპიული მეთოდების ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვით იუნგს, მორენოს, ლომბროზოს, კლაენს, მილნერს, კელის და სხვებს.ფსიქიკურ აშლილობათა კვლევის, დიაგნოსტირებისა და შემდგომი კორექციისთვის, საოჯახო და ჯგუფური ფსიქოთერაპიული სეანსებისა და სარეაბილიტაციო პერიოდის თანმხლები მკურნალობის დროს ხელოვნებით თერაპია შეუცვლელი მეთოდია და ჯერ კიდევ ფსიქოანალიზის აღმოცენების დროიდან აქტიურად გამოიყენება.კარლ გუსტავ იუნგი, ცნობილი შვეიცარიელი ფსიქიატრი, ზიგმუნდ ფროიდის მიმდევარი, ანალიტიკური ფსიქიატრიის ფუძემდებელი და “კოლექტიური ცნობიერის” მკვლევარი, თავის ნაშრომებში მიუთითებდა, რომ სიმბოლური ენა, რომელიც ხელოვნების ნიმუშების მეშვეობით მეტყველებს, ყველაზე ნათლად გამოხატავს პიროვნების “ შინაარსს” და მის ქვეცნობიერს, ფარულ და ხშირად პიროვნებისთვისვე უცნობ შფოთსა და წუხილს, რაც არაერთი ფსიქიკური პრობლემის მიზეზი ხდება.
  ხელოვნებით საკუთარი განცდების გადმოცემას და შემდგომ ამ შინაარსის მიხედვით საკორექციო სამუშაოების ჩატარებას იუნგი “კომპენსატორულ პროცესს” უწოდებდა და საკუთარი პაციენტების შემოქმედებით პოტენციალს ხშირად იყენებდა დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. სიმონამ მხატვრული შემოქმედებისადმი დიაგნოსტიკურ მიდგომას ჩაუყარა საფუძველი და მხატვრული სტილის თავისებურებები ფსიქოლოგიურ ნიშან–თვისებებს დაუკავშირა. მხატვარმა დებიუფემ სულიერად  დაავადებულთა  ნახატების სოლიდური კოლექციას შეაგროვა და მანვე ჩამოაყალიბა მხატვრული საზოგადოება, რომელშიც მხატვრები და ექიმები გაერთიანდნენ. დებიუფე საკუთარ შემოქმედებაში ფსიქიატრიულ პაციენტთა თავისებური მხატვრული ექსპრესიის იმიტაციასაც ცდილობდა, მხატვრის მოღვაწეობამ ზეგავლენა მოახდინა არაერთი შემოქმედის მსოფლმხდველობაზე:ერთნი პაციენტთა შემოქმედებას  საკუთარი მოღვაწეობის სტიმულად აღიქვამდნენ, მეორენი–კლინიკებში მხატვრულ სტუდიებს ქმნიდნენ.
   არტ–თერაპიის განვითარებაში გამორჩეულია ჯეიკობ მორენოს ფსიქოდრამის როლი და მნიშვნელობა. ფსიქიატრიულ კლინიკაში, კერძოდ ნიუ–იორკის შტატში დაარსებულმა თეატრმა მე–20 საუკუნის ოციან წლებში პაციენტები არა უბრალოდ ჩართო მხატვრულ შემოქმედებაში, არამედ დრამატული ხელონება ეფექტურ თერაპიულ ტექნიკადაც აქცია.
  სიტყვასიტყვით “არტთერაპია” ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს და აქცენტი ამ შემთხვევაში კეთდება არა მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე ნაწარმოებების შექმნაზე, არამედ თავად შემოქმედების პროცესის თერაპიულ ეფექტზე.
  შესაძლოა, ბევრს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ ეპოქაში, სადაც “აპარატურული”, ტექნიკური მიღწევებით გაჯერებული სამედიცინო მომსახურება და ფარმაკოლოგია წამყვან როლს ასრულებს ავადმყოფის მკურნალობაში, არტთერაპია უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება და მსოფლიოს უამრავ კლინიკაში იმკვიდრებს ადგილს.
  დღესდღეობით არტთერაპიას სულ უფრო ხშირად მიმართავენ ისეთ რთულ შემთხვევებშიც, როდესაც პაციენტთან კომუნიკაციის დამყარება მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელი ხდება. თვითგამოხატვის ეს ფორმა საკმაოდ ინფორმაციულია და სპეციალისტს საშუალებას აძლევს, სწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში მკურნალობის მართებულ გზას მიმართოს. მსოფლიოს მრავალს ქვეყანაშია ჩამოყალიბებული არტ–თერაპევტთა კომიტეტები და ასოციაციები.

არტ_თერაპია საქართველოში


    მოდით, თვალი გადავავლოთ, არტ–თერაპიის ცენტრებს და ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევებს ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში:
1. „ალტერ ეგო“ – კავშირი
დღის მომსახურების ცენტრი
სერვისის მომხმარებელი: ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები
მომსახურების ფორმა: მკურნალობა, რეაბილიტაცია (არტ–თერაპია, ჯგუფური შეხვედრები, ერგოთერაპია, კულტურული ღონისძიებები), საგანმანათლებლო საქმიანობა, მოსახლეობის ინფორმირება
მისამართი: თელავი, რუსთაველის ქ.11
ტელეფონი: 8(250) 7 51 93
ელ–ფოსტა: alteregou@yahoo.com
ვებ–გვერდი:
საკონტაქტო პირი: ირინა გეგეჭკორი (თავმჯდომარე)
2."თემი ქედელი“ (სიღნაღის რეგიონის უმწეოთა თერაპიის კავშირი)
სადღეღამისო, საცხოვრებელი დაწესებულება
სერვისის მომხმარებელი: გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირები 16 წლის ასაკიდან
მომსახურების ფორმა: შრომა სოციალურ–თერაპიულ სახელოსნოებში (საბაღე–სამეურნეო სამუშაოები, ძროხების ფერმა, გობელენის და თექის დამზადება), არტთერაპია, მუსიკა, დრამა
3. „მშობელთა ხიდი“
დღის მომსახურების ცენტრი
სერვისის მომხმარებელი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშები ფსიქიკური პრობლემებით
მომსახურების ფორმა: არტთერაპია, მუსიკა–თერაპია, დრამთერაპია, ქართული ქორეოგრაფია, სპორტული დარბაზი, ტრენაჟორები
მისამართი: თბილისი, ჩიქობავას ქ.29
ტელეფონი: 877 47 34 40
ელ–ფოსტა: teonakacheishvili@yahoo.com, ktea@rambler.ru
ვებ–გვერდი: www.specialneeds.org.ge
საკონტაქტო პირი: თეონა ყაჭეიშვილი (თავმჯდომარე)
4.„რეა“ – კავშირი
დღის აქტივობების ცენტრი
სერვისის მომხმარებელი: გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები და მოზრდილები
მომსახურების ფორმა: თერაპიული შრომა სახელოსნოებში, არტთერაპია, დრამა
მისამართი: თბილისი, ჭონქაძის ქ.29
ტელეფონი: 93 34 42, 893 50 14 47, ფაქსი: 98 61 71
ელ–ფოსტა: else@caucasus.net
ვებ–გვერდი:
საკონტაქტო პირი: ციცი წიქორიძე
5.სოციალური თერაპიის სახლი (კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ)
დღის აქტივობების ცენტრი
სერვისის მომხმარებელი: გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირები 16 წლის ასაკიდან
მომსახურების ფორმა: შრომა სოციალურ–თერაპიულ სახელოსნოებში, არტთერაპია, დრამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა
მისამართი: თბილისი, უბილავას ქ.9
ტელეფონი: 77 63 07, 77 54 85. ფაქსი: 77 54 85
ელ–ფოსტა: info@apnsc.ge
ვებ–გვერდი: www.apnsc.ge
საკონტაქტო პირი: ნანა ლომაძე, ნანა ჩიტალაძე (მენეჯერები)
6.უნივერსიტეტის სოციალ–თერაპიული სახელოსნო (კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ)
დღის აქტივობების ცენტრი
სერვისის მომხმარებელი: გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირები 16 წლის ასაკიდან
მომსახურების ფორმა: შრომა სოციალურ–თერაპიულ სახელოსნოში, არტთერაპია, პოლიგრაფიული მომსახურება დამკვეთებისთვის
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 11, თსუ III კორპუსი
ტელეფონი: 898 22 94 86, 22 42 49, 77 63 07. ფაქსი: 77 54 85
ელ–ფოსტა: maikiru@mail.ru, info@apnsc.ge
ვებ–გვერდი: www.apnsc.ge
საკონტაქტო პირი: მაია კარბელაშვილი (მენეჯერი)
7.ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი (საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია)
დღის მომსახურების ცენტრი
სერვისის მომხმარებელი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები
მომსახურების ფორმა: მულტიდისციპლინური გუნდი – მკურნალობა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია (არტთერაპია, ერგოთერაპია); კოგნიტურ–ბიჰევიორული თერაპია, ფსიქოთერაპია
მისამართი: თბილისი, ასათიანის ქ.10
ტელეფონი: 31 10 80
ელ–ფოსტა: achiko@gamh.org.ge
ვებ–გვერდი:
საკონტაქტო პირი: არჩილ ბეგიაშვილი
8.არტ–თერაპიის განყოფილება არის ასევე ხონის ფსიქოთერაპიულ საავადმყოფოში
    ამგვარად, როგოც ჩანს, საქართველოში მხოლოდ ათამდე ფსიქოთერაპიული დაწესებულება იყენებს ფსიქოლოგიური დახმარების საქმეში არტ–თერაპიის მეთოდს, ანუ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო ჯერჯერობით საკმარისად კარგად განვითარებული არ არის, თუმცა სასიხარულოა რომ მისი  განვითარების მხრივ ძვრები შესამჩნევია, რასაც ადასტურებს, თუნდაც ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ამ მეთოდმა ამოქმედება ზემოთ ხსენებულ დაწესებულებებში. 

воскресенье, 3 июня 2012 г.

პროექტის აღწერა

  იმდენად რამდენადაც, ჩემი კვლევითი ვებ–პროექტი ეხება ხელოვნებით მკურნალობას და განიხილება, როგორც ხელოვნების ფსიქოლოგიის ერთ–ერთი მიმართულება, თემას ხელოვნების ფსიქოლოგიის შესახებ მოკლე მიმოხილვით ვიწყებ, შემდეგ ვსაუბრობ ზოგადად ფსიქიკურ აშლილობასა და თერაპიაზე, შემდეგ მკითხველს ვაცნობ  თუ  როგორ შეიძლება განვიკურნოთ თავი ჩვენივე შემოქმედებით,  რას ნიშნავს ხელოვნებით მკურნალობის თანამედროვე მეთოდი– არტ–თერაპია, სად გვხვდება მისი საწყისები, როგორ განიხილავდა პითაგორა ხელოვნებას, როგორც მაკათარზისებელი ფუნქციის მქონეს, დღეს კი რა მიმართულებები გააჩნია ხელოვნებით მკურნალობის ამ სახეს, განვიხილავ ამ მიმართულებათაგან ოთხს: ხატვით, ფერებით, მუსიკითა და ზღაპრით თერაპიას,  ამასთან ერთად განვიხილავ ზოგადად რა გავლენას ახდენს მუსიკა ადამიანზე და როგორ გამოიყენება მუსიკით თერაპია ბავშვებთან მიმართებით, როგორ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობის წარმართვა არტ_თერაპიაში. ვატარებ კვლევებს, რომელთა მიზანია გაარკვიოს რამდენად პოპულაულია ეს დიაგნოსტიკური სამკურნალო მეთოდი საქართველოში, რამდენად იცნობენ მას, და ბოლოს, ვასახელებ იმ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებს საქართველოში, სადაც აქტიურად იყენებენ ხელოვნებით მკურნალობის მეთოდს. პროქტის ილუსტრაციისთვის ვიყენებს ფოტო და ვიდეო მასალებს.

პროექტის მიზანი

  ჩემი  კვლევითი ვებ–პროექტი სახელწოდებით ,,როგორ კურნავს ხელოვნება ადამიანებს'', მიზნად ისახავს მოიძიოს ინფორმაცია ხელოვნებით მკურნალობის თანამედროვე მეთოდის – არტ–თერაპიის შესახებ, ამასთანავე, გაარკვიოს რამდენად გამოყენებადია იგი საქართველოში და რამდენად საჭიროებს იგი პოპულარიზაციას.

суббота, 2 июня 2012 г.

ფერებით თერაპია

  ფერებს ადამიანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფერი არამარტო ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, მისი მეშვეობით ხასიათის თავისებურებებიც ვლინდება და საკუთარი თავის გამოხატვასაც ვახდენთ. ევროპაში ფერთა თერაპია ,მართალია, არის არტ–თერაპიის ერთ–ერთი მიმართულება, მაგრამ დამოუკიდებელ მეთოდადაც გამოიყენება.
     მედიცინის თვალსაზრისით,  მრავალი დაავადებების მექანიზმი გამოწვეულია ფერთა [ელექტრომაგნიტური] ჰარმონიის დარღვევით, მათი გადანაცვლებითა და გარკვეულ ფერთა დეფიციტით ადამიანში. რაც აუცილებელია ადამიანის ორგანოთა ნორმალური სიცოცხლის უნარიანობისა და ფსიქოემოციონალური ფუნქციონირებისათვის. მეორე მხრივ, ფერი ზემოქმედებს ადამიანის თვალის რქოვან გარსზე. აგზნებს რა, ამა,თუ იმ რეცეპტორებს, ხოლო თვალის რქოვანას გარსი თავი მხრივ რეფლექტორულად დაკავშირებულია ყველა ორგანოსთან და თავის ტვინთან. ამიტომაც სხვადასხვა ფერები ზემოქმედებენ თვალზე რეფლექტორულად და იწვევენ სხვადასხვა შეგრძნებებს და ცვლილებებს ორგანოთა სიცოცხლის უნარიანობაზე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეული ფერის ნაკადი [სხივი] მკურნავს გარკვეულ კანის დაავადებებს. როდესაც ვცვლით მინის ფერს სათვალებში, შესაძლებელია ფსიქოემოციონალური მდგომარეობის რეგულირება. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ნახოს გარემო ნარინჯისფერი ან ყვითელი მინით - რომელიც გამოიწვევს გარშემო პეიზაჟის ამაღლებულ და ტკბობის გრძნობას. და პირიქით  ცივ ფერებს შეუძლიათ გამოიწვიონ ხასიათის წახდენა, თუ გინდ იყოს ნათელი და მზიანი დღე. ფერები იყოფა თბილ და ცივ ფერებად. თბილ ფერებს მიეკუთნება წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი.  ხოლო ცივ ფერებს ცისფერი, ლურჯი, იისფერი. გარდამავალ ფერს – მწვანე. თბილი ფერები აღგზნებენ, ასტიმულირებენ. ხოლო ცივი ფერები აწყნარებენ და ამშვიდებენ, მწვანე ფერი მოქმედებს ნელა და რბილად.
      ფერების ისტორიულ მნიშვნელობას ადამინის ცხოვრებში რომ მივყვეთ, ამგვარია: ადამიანმა დაიწყო ფერის გამოყენება იმისათვის, რომ მას დაეცვა თავი და მოეპოვებინა საკვები, იღებებოდნენ იმგვარად, რომ ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყვნენ ცხოველებისთვის, ტომებს განესხვავებინათ ერთმანეთი, თავიანთი ნიშანი  ჰქონოდათ, ამისათვის მუსიკაზე ადრეც კი, ფერებს იყენებდნენ. შემდეგ ფერმა მიიღო სავაჭრო ფუნქცია, კომუნიკაციის დამყარებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტი გახდა, რაც განსხვავებულ ადამიანთა ჯგუფებსა და ტომებს ერთმანეთის უნიკალურობის შესახებ ამცნობდა. კაცობრიობის განვითარების უფრო მაღალ საფეხურებზე კი– ფერმა, და ზოგადად ხელოვნებამ მიიღო დატვირთვა კულტურული აღმაფრენის, სულის საზრდოსი, მას გადარჩენის და საკომუნიკაციო ასპექტები ჩამოშორდა და გახდა სულიერი განვითარების ერთ–ერთი ხერხი, აქედან გამომდინარეობს ის, რომ არსებობს ფერები, რომელთაც სხვადასხვა დატვირთვა აქვთ სხვადასხვა კულტურისთვის.
    ამას გარდა, ადამიანის მიდრეკილება კონკრეტული ფერებისადმი, გარკვეულწილად ასახავს მის ფსიქოლოგიურ ტიპს, მაგრამ აქ გგანსხვავება თვალსაჩინოა. ცალკე საკითხია ის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ან სეზონის მიხედვით როგორ ვიცვლით ფერებს, მოდის, საზოგადოებისთვის მოწონების, იმიჯის შექმნის მიზნით თუ მეორე– შინაგანად რა გვსიამოვნებს. სწორედ შინაგანი სიამოვნების თვალსაზრისით განისაზღვრება რა ფერის ტიპის ადამიანები ვართ. მაგალითად, ყვითელი ადამიანის ტიპი, და გადამეტებული აქცენტი ყვითელ ფერზე, ფსიქოლიგთა თქმით, მეტყველებს იმაზე რომ ეს ადამიანი ცხოვრების იმ ეტაპზე არის რაღაცით შეზღუდული, დათრგუნვილად გრძნობს თავს და არა აქვს თავისუფლების ის ხარისხი, როგორიც სურს და წარმოუდგენია, როდესაც ყვითელი ფერისადმი ასეთი განსაკუთრებული სიყვარული ვლინდება, ადამიანმა იმაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, რაში გრძნობს იგი თავს ძალიან შეზღუდულად, მან ცვლილება უნდა მოახდინოს, მისი ცხოვრების რომელიღაც სფეროში უნდა გაშალოს ფრთები.
     ფერი რომელსაც თქვენ ანიჭებთ უპირატესობას ბევრ რამეს ამბობს ფსიქოლოგთა აზრით თქვენს ხასიათზე და ემოციურ განწობაზე. ფსიქოლოგები ასეთ დროს იყენებენ ფერების ტესტსაც, რომელიც 1940-იანი წლების ბოლოს შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა მაქს ლიუშერმა შეადგინა. ლიუშერის ტესტი პროფესიონალი ფსიქოლოგების მიერ ფართოდ გამოყენებადია და მისი ჩატარება სპეციალურ ცოდნას ითხოვს. თუმცა არსებობს ლიუშერის ტესტის მარტივი ვერსიაც, რომლის საკუთარ თავზე ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია .http://www.aquarun.ru/oracle/colortest/ – ესეც ლიუშერის ტესტი.ფრანგმა ასტრონომმა კამილ ფლამარიონმა, ცდების შედეგად დაამტკიცა, რომ ფერი ახდენს გავლენას მცენარეებზე და ცხოველებზე, რომ ისინი გულგრილი არ არიან ფერის ცვალებადობის მიმართ. მაგალითად სალათის ფურცლები წითელი ფერის შუშის ქვეშ იზრდებოდა 4ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე მზეზე, და ძალიან დიდ ზომებს აღწევდა, მაშინ როცა ცისფერი შუშის ქვეშ ზრდა ფაქტიურად არ ხდებოდა. ლობიო თეთრ და წითელ შუქზე ყვავის, ხოლო მწვანე და ცისფერზე კვდება. დამტკიცებულია, რომ მწერების და ფრინველების უმრავლესობას ეშინია ცისფერი და ლურჯი ფერების.
  ფერთა გამა და გარემო მოქმედებს შრომისუნარიანობაზე, გამომდინარე ადამიანის საქმიანობის სფეროდან და ხასიათიდან. გოეთე სარგებლობდა სათვალეებით, გამომდინარე იქიდან თუ რა ჟანრის ნაწარმოების ქმნიდა, სხვადასხვა ფერის შუშებს იყენებდა. იგი ხაზს უსვამდა, რომ წითელი და ყვითელი ფერები ამხირულებს ადამიანს, აღაგზნებს მას, მაშინ როცა ცისფერი ფერი მოწყენილობას იწვევს და ადამიანს საკუთარი თავის იმედს უკარგავს...

დიაგნოსტირება, თერაპიის მეთოდები და მკურნალობის შედეგი არტ–თერაპიაში

   როგორ სვამს არტ–თერაპევტი დიაგნოზს? ამ მეთოდთან დაკავშირებით ალბათ პირველ რიგში ყველა დაინტერესებულ პირს ეს კითხვა ებადება.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხელოვნებით თერაპიით დაინტერესება თავიდან ფსიქიატრებმა დაიწყეს. ერთ–ერთი ისტორიის მიხედვით, აკვირდებოდნენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს და აღმოაჩინეს, რომ მათ გამოჯანმრთელებასა და ემოციის დაბალანსებაში ძალიან ეხმარებოდათ ხელოვნება, რომელში ჩართვის ძლიერი სურვილიც თავად აღმოუცენდებოდათ ხოლმე კლინიკაში მოთავსებისას. დაისვა ასეთი შეკითხვა, თუკი მათ აღმოუცენდებათ სურვილი, რომ ხელოვნების რომელიმე დარგი გააქტიურონ და ეს შემდეგ მათ გვრის შვებას, რატომ არ შეიძლება იგი გამოყენებულ იქნას სამედიცინო მიზნით და მივიღოთ როგორც სამკურნალო საშუალება? შემდეგ აწარმოეს დაკვირვება პატიმრებზე და სხვადასხვა მიზეზის გამო სხვადასხვა სახის იზოლაციაში მყოფ ადამიანებზე, ე.ი. ძირითადი სამკურნალო დატვირთვის მინიჭება ხელოვნებისათვის დაიწყეს სწორედ ფსიქიატრებმა,ანუ სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებმა და შესაბამისად ,ისინი, ამ აქტივობების შედეგზე ახდენდნენ ორიენტირებას და ფსიქოდიაგნოსტირებაშიც ხელოვნების ჩართვა მათივე სტიმულირებულია. შემდეგ ამ საქმიანობაში ჩაერთვნენ ფსიქოლოგები, რომლებიც ხელოვნებაში აქენტირებას აკეთედნენ სწორედ პროცესზე. რა ემართება ადამიანს, როდესაც იგი ხელოვნებით აქტივობს და არა მხოლოდ შეფასებას ექცევა ყურადღება, მაალითად, რა დახატა და როგორ დახატა. ყველა ნახატი არ არის ტესტური, მხოლოდ სხვა და სხვა ფსიქოლოგიური ტესტირების ფონზე, მიზანმიმართული ხატვითი თუ სხვა ხელოვნებითი აქტივობების შედეგებზე დროში ხანგრძლივი დაკვირვება იძლევა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას. როდესაც საქმე ეხება პროფესიონალურ დიაგნოსტირებას და დიაგნოსტირებას ნახატების მეშვეობით, ( და არა მარტო ნახატების), მას შეიძლება თერაპევტთან რამდენიმე შეხვედრა დასჭირდეს დიაგნოსტირებისთვის, ამას შემდეგ კი მოჰყვეს სეანსების მთელი რიგი, რომელთაც თერაპიული გავლენა აქვთ. ხელოვნებით თერაპია არის დამხმარე დიაგნოსტიკური საშუალება და არა წამყვანი და ერთადერთი, და მის ფსიქოდიაგნოსტიკურ საშუალებად გამოყენებას გარკვეული დრო, მიზანზე ორიენტირებული აქტივობა ესაჭიროება. ძირეული დიაგნოსტირება და ჩამოყალიბება ფსიქოპორტრეტის არ არის მხოლოდ არტ–თერაპიით შესაძლებელი, და მით უმეტეს სპონტანურად და ერთჯერადი აქტივობით, ამგვარად გვპასუხობენ ფსიქოლოები და ფსოქოთერაპევტები.
  რაც შეეხება თერაპიის მეთოდებს, ხელოვენებით თერაპიის შემთხვევაში განსხვავებულია მიდგომა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან, გასათვალისწინებელია პაციენტის სოციალური გარემოცვაც, მისი მიდრეკილებები, ხასიათის პიროვნეული თავისებურებები, შეიძლება ინდივიდუალური მუშაობა უფრო შესაფერისია, ვიდრე ჯგუფური ან ზოგჯერ სასრგებლოა ამ ორი მიდგომის ერთმანეთში მონაცვლეობა. იმდენად რამდენადაც ხელოვნება არის ძალიან ფართო შესაძლებლობების, იგი ძალიან ბევრ პრობლემატიკას სრულად შველის ან იძლევა მნიშვნელოვან შვებას, შემსუბუქებას,ამიტომაც არის ხელოვნებით თერაპია როგორც დამხმარე საშუალება, ასევე დამოუკიდებელი დარგი. თავისთავად, ხელოვნებაში ჩართვა არის განმუხტვის საშუალება და განმუხტვა ნიშნავს ემოციური და რაციონალური ბალანსის აღდგენას ადამიანში, ხოლო ბალანსის აღდგენა ყველა პიროვნებაში იწვევს სიმშვიდეს და ჰარმონიისკენ სვლას და ეს არის ყველაზე მთავრი ეფექტი,  ფსიქოდიაგნოსტირების საშუალებად ერთ ნახატის ანალიზი, რასაკვირველია, არ არის პროფესიული მიდგომა, ფსიქოტერაპევტმა იცის რა მიმართულება მისცეს პაციენტის შემოქმედებით პროცესს, რა ახატვინოს, რა სახის მუსიკა შეურჩიოს, რასა აქვს თერაპიული გავლენა, ამას ცხადია, სჭირდება კომპეტენცია, განათლება და პროფესიული ცოდნა . ჩაიარა თუ არა ამა თუ იმ სეანსმა წარმატებით დგინდება ე.წ. სოციომეტრული მეთოდი, რომელიც ეკუთვნის ჯეიკობ მორენოს, მას შემდეგ, რაც ჯგუფთან იმუშვებს არტ–თერაპევტი „იზომება ჯგუფი“, თუ არის შთაბეჭდილებათა გაცვლა და უკეთესობისკენ სვლა, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩათვალოს, რომ მიზანი არის მიღწეული. თუმცა, მარტო ეს არ კმარა. როდესაც საინტერესოა  პიროვნულ დონეზე ცვლილებები, მაშინ ტარდება ტესტების მთელი პლეადა. მანამდე უნდა იკვლიონ ადამიანის ინტერესები, მისი ნევროტული შფოთვის დონე და ჩატარებული ტესტები საშუალებას იძლევა  გაიზომოს თერაპევტის მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტურობა.
   ხელოვნებითი თერაპიის ზემოქმედების შედეგად ხდება თვითგანკურნების ძალების გაძლიერება (რეგენერაცია, თვითგანვითარება, გარდაქმნა), საკუთარი თავის ღირსების შეგრძნება "მე" -ს ძალების გააქტიურება.
   ხელოვნებით თერაპიაში ხატვა და პლასტიკური ფორმირება (ძერწვა) ინიშნება ფსიქო-სომატური და ფსიქიკური დაავადებების, ქრონიკული ანთებების, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების, ენდოკრინული დარღვევების დროს.
     არ არის აუცილებელი პაციენტმა "იცოდეს" ხატვა ან ძერწვა.თერაპიული სავარჯიშოები ინიშნება ექიმის მიერ, პაციენტის დიაგნოზისა და ინდივიდუალობის გათვალისწინებით. ქრონიკულად დაავადებულ და განვითარება შეფერხებულ პაციენტთა შემთხვევაში მკურნალობის პროცესი წარიმართება ხანგრძლივად და კურსობრივად.
  ხელოვნებითი თერაპია შეიძლება ჩატარდეს: ამბულატორიაში, კლინიკაში, სანატორიუმში, მოხუცებულთა სახლში, სკოლაში, საბავშვო ბაღში და ბინაზე.

пятница, 1 июня 2012 г.

დაეხმარე შენს თავს შენივე შემოქმედებით...

  ხელოვნება, როგორც ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი, შემოქმედის შინაგანი რაობის გამომხატველია, ამასთანავე შემოქმედებას სულიერი თავისუფლება უსწრებს წინ, ამდენად შემოქმედება გადალახვაა დადგენილი საზღვრების, ახალი რეალობის შექმნაა და ცხოვრებასა და სამყაროში ცვლილების შეტანის პროცესია და ცხადია, მას ამოძრავებს თვითგამოხატვის იმპულსიც. შემოქმედებითი აქტი უეჭველად გვამცნობს საკუთარი თავის შესახებ,  მან აუცილებლად უნდა გახსნას საკუთარი არსი და გამოსახოს იგი სიტყვით, ფერით, ბგერით... აი თუნდაც ყველასათვის ნაცნობი ქართული–ხალხური ლექსიდან : ,,ლექსო ამოგთქომ ოხერო, მერე თუ გინდა ვკვდებოდე''.
  სანამ უშუალოდ ''არტ–თერაპიაზე'' დავიწყებდეთ საუბარს, მოდით, გადავხედოთ ფსიქოლოგთა რჩვებს, რას გვთავაზობენ ისინი დაღლილობისაგან, სტრესისგან, შიშისგან, დაძაბულობისგან თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური პრობლემებისგან თავის დასაღწევად. სიმშვიდის და წონასწორობის აღდგენას დამოუკიდებლადაც შევძლებთ, ხელოვნებით თერაპიით:
1. შექმენით სპონტანური ნახატი. დაჯექით წნარად, მშვიდად, გამორთეთ მობილური ტელეფონი, ჩააქრეთ შუქი, დახუჭეთ თვალები, მოდუნდით და დაიწყეთ ფიქრი, თუ რა გაწუხებთ (5–7 წთ). შემდეგ დაიწყეთ ხატვა, დამორჩილდით ხელის მოძრაობას, შედეგად ყველაფერი უნდა აღმოჩნდეს ქაღალდზე, შემდეგ დაისვენეთ და აანთეთ შუქი, გააანალიზეთ ნახატი, რა ასოციაციას გამოიწვევს თქვენში. ამ საშუალებით თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ რაღაც დამალული, უხილავი და ამის შეგრძნების შემდეგ იგრძნობთ სიმსუბუქეს.
2.დახატეთ თქვენი სიხარული. გამოიყენეთ ბევრი ფერადი ფანქარი, ფლომასტერი, მთავრია თავს გრძნობდეთ მშვიდად, ხატვის პროცესში ხდება აქტივიზაცია პოზიტიური პოტენციალის, რომელიც გაგიუმჯობესებთ განწყობილებას.
3. მოახდინეთ თქვენი ოცნების რეალიზება. გაქვთ გეგმები, მისწრაფებები, მიზნები, მაგრამ ვერ ახერხებთ რეალიზებას, ცუდი არის ის, რომ რაც უფრო გადადებთ, მით უფრო მძფრდება თქვენი განწყობა. მაშინ დახატეთ თქვენი სურვილი ან ამოჭერით საიდანღაც, მიაკარით თვალსაჩინო ადგილას და რამდენიმე დღეში, თქვენ, უკვე დაიწყებთ განხორციელებისთვის ადეკვატური გზის მოძებნას.
4.გაანადგურეთ თქვენი პრობლემა. როცა გაწუხებთ რაღაც პრობლემა, საქციელი, აირეთ ფანქარი, თიხა, საძერწი, იფიქრეთ, როგორია თქვენი პრობლემა და დაიწყეთ მისი გამოსახვა, შეეცადეთ მთელი ბრაზი, წყენა ჩადოთ ამ პროცესში, ყოველივე ამის შემდეგ თქვენი ტკივილი უკან დაიხევს, შემდეგ გადააგდეთ ნამუშევარი, დაწვით ან დაგლიჯეთ.
5.დასცინეთ თქვენს შიშს ან მტერს. დახატეთ თქვენი შიში ან მტერი, როგორც გსურთ და შეგიძლიათ, შემდეგ დასცინეთ, ხოლო გვერდით მიახატეთ კმაყოფილი თქვენი თავი. ამის შემდეგ თავს უფრო მსუბუქად იგრძძნობთ და ამ პრობლემას იუმორით შეხედავთ.
6. ათვალიერეთ ცნობილი ნახატები. უპირატესობა მიანიჭეთ იმპრესიონისტებს, ისეთ ნახატებს, რომლებშიც გამოყენებულია აქტიური ფერები. ნახატი დაათვალიერეთ აუჩქარებლად, რა გრძნობებს და აზრებს უწვევს თქვენში. იფიქრეთ ცუდზე და განდევნეთ იგი წარსულში, იფიქრეთ კარგზე და მისით შეავსეთ თქვენი მომავალი.
7.იყავით შემოქმედი და შექმენით საკუთარი ხელებით.