ვიდეოფაილები

четверг, 7 июня 2012 г.

პროექტის შედეგი

  როგორც ნათელია, არტ–თერაპია არის ეფექტური მეთოდი ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენის პროცესში. საქართველოში ეს მეთოდი არ არის საკმარისად გამოყენებადი, კვლევები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდათა უმეტესობა არაა ინფორმირებული მისი არსისა და მნიშვნელობის შესახებ,  მხოლოდ ათამდე დაწესებულება იყენებს ამ მეთოდს ფსიქოდიაგნოსტირებისა და ფსიქოთერაპიისას, ამოტომაც საჭიროა ამ მეთოდის პოპულარიზაციაზე ზრუნვა და ჩემი აზრით, სწორედ საბაკალავრო სწავლების დროს უნივერსიტეტებში  ფსიქოლოგიის  ფაკულტეტის სტუდენტები უნდა დაეუფლონ ამ მეთოდს, რისთვისაც სასიკეთო  იქნება ამ სასწავლებლებში არტ–თერაპიის ცენტრების დაარსება.  

  

ინტერვიუ

     მე ვესაუბრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს და ფსიქოლოგიის დოქტორს, ქალბატონ რუსუდან მირცხულავს, გთავაზობთ ამ ინტერვიუს:
     – ქალბატონო რუსუდან, საქართველოში რამდენად გამოიყენება არტ–თერაპიის მეთოდი ფსიქოლოგიური დახმარების პროცესში?
     –ეს მეთოდი საქართველოში გამოიყენება, მაგრამ არა იმ ინტენსივობით, რა ინტენსივობითაც, წესით, უნდა გამოიყენებოდეს. მაგალითად, მე და ჩემი კოლეგები ვიყენებთ ხოლმე ამ მეთოდს ლტოლვილებთან , განსაკუთრებით აქტიურად ვიყენებდით 2008 წელს ომის შემდეგ,  გორში მიდიოდნენ ჩემი სტუდენტები და ლტოლვილებს  უტარდებოდათ ექსპრეს–კურსები, ვინაიდან ეს იყო ძალიან მტკივნეული პრობლემა და სწრაფად გადასაწყვეტი, ამიტომაც შევიმუშავე ექსპრეს–კურსი, სტუდენტები, ასე ვთქვათ, მოხალისეებად მუშაობდნენ, ძალიან საინტერესოა, რომ მოვიდნენ ჩვენთან არამარტო ფსიქოლოგები, არამედ გარეშე პირები, რომლებიც იღებდნენ ინფორმაცის, ეცნობოდნენ ექსპრეს–ტექნიკებს და მერე მიდიოდნენ გორში, მუშაობდნენ ლტოლვილების დასახლებებში  და ძალიან ეფექტურად იყენებდნენ არტ–თერაპიას. დღესაც ეს მეთოდი გამოიყენება სხვადასხვა მიზნით, თუმცა, მიმაჩნია რომ არა იმ ხარისით და დოზით, როგორაც  საჭიროა.
       – ამ კვლევით ვებ–პროექტზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ ფსიქოლოგიური დახმარების მხოლოდ ათამდე დაწესებულება იყენებს არტ–თერაპიის მეთოდს საქართველოში და დიდია თუ მცირე ეს მაჩვენებელი ?
        – ეს არის ძალიან მცირე, მე მიმაჩნია, რომ  ამ მეთოდის მეტი პოპულარიზაციაა საჭირო, მაგალითად, საქართველოს უნივერსიტეტში შემომთავაზეს,რომ გავაცნო ინფორმაცია სტუდენეტებს ამის შესახებ. თუკი იქნება სტუდენტებისგან მეტი ინიციატივა, შეიძლება უნივერსიტეტებში არტ–თერაპიის ცენტრები დაარსდეს, და ინტენსიურად წავიდეს მუშაობა ამ მიმართულებით.
         – ანუ არტ–თერაპია არის ეფექტური საშუალება ფსიქოლოგიური დახმარების საკითხში? იძლევა იგი პაციენტის სრულად განკურნების, პრობლემის ძირფესვიანად აღმოფხვრის საშუალებას?
          – რა თქმა უნდა, მაგალითად,  ფელიქს კელერმანი ფსიქოდრამის ერთ–ერთი ძალიან სერიოზული პრაქტიკოსი–თეორეტიკოსია, იგი ამბობს, რომ ეს მეთოდი ყველა შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენება, ნებისმიერი ფსიქოლოგიური თუ სოციალური პრობლემის დროს. თუმცა მეთოდის შერჩევა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.
         –  ამ მეთოდს უკუჩვენებები არა აქვს?
        – მე,მაგალითად, ლიტერატურაში არ შემხვედრია უარყოფითი გავლენა ამ მეთოდის, და არც ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა რომ ამ მეთოდს უარყოფითი შედეგი გამოეღოს.
         –ე.ი. თვლით რომ არტ–თერაპია იმდენად ეფექტური და სასარგებლოა, რომ მეტად უნდა გაფართოვდეს?
        – დიახ, უნივერსიტეტებშიც რომ შეიქმნას არტ–თერაპიის ცენტრები, მგონია, რომ ძალიან ეფექტურად იმუშავებს, ილიას უნივერსიტეტში აუტიზმის ცენტრში იყენებენ არტ–თერაპიას, რადგან აუტისტებთან მართლაც ძალიან  ეფექტურია ხელოვნებით მკურნალობის მეთოდის გამოყენება, თუმცა შეიძლება ეს მეთოდი გამოყენებულ იქნას უფრო ფართო მნიშვნელობით, ფართო დიაპაზონით, თუკი უნივერსიტეტებში შეიქმნებოდა არტ–თერაპიის ცენტრები, ვისწავლიდით ამ მეთოდის გამოყენებას უფრო ფართო რეგისტრის პრობლემებთან დაკავშირებით, და  ვიკვლევდით ამ მეთოდს მეცნიერული თვალსაზრისითაც, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ღირებული იქნება უნივერსიტეტებისთვის, და რა თქმა უნდა,  ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაც.

среда, 6 июня 2012 г.

ხატვით თერაპია

     ყველაზე გავრცელებული ფორმა არტ_თერაპიაში არის ხატვით თერაპია. ხატვით თერაპიაში მუშაობენ ქაღალდით, საღებავითა და ფუნჯით, ხშირად აკვარელით, ასევე ცარცით, ფანქრით და ნახშირით, ხატვით თერაპიის პროცესში ჩნდება ფერები და ფორმები, ხაზები და სიბრტყეები, მოძრაობა და შეგუბება. საკუთარ ქმედებასა და ქაღალდზე აღბეჭდილ მის შედეგებში, ისევე როგორც მათ სამშვინველში აღძრულ განცდებში, პაციენტი აღიქვამს, რომ ხელოვნებით პროცესებს კავშირი აქვს მასთან და მისი სხეულებრივი თუ მშვინვიერი ავადმყოფობის მიმდინარეობასთან. იგი შეიცნობს და აღმოაჩენს საკუთარ თავსა და ავადმყოფობის სიტუაციას. ხატვით მკურნალობის სავარჯიშოებს, მივყავართ პაციენტის გაღრმავებულ წვდომამდე საკუთარი განცდისა, რომელიც ავადმყოფობით ან კრიზისული მდგომარეობით არის აღბეჭდილი. ამგვარი გაძლიერებული ხელოვნებითი თერაპიული სავარჯიშოებით მოიპოვებს იგი საკუთარ თავთან, საკუთარ ტკივილთან და საკუთარ ცხოვრებასთან შემოქმედებითი მიდგომის ახალ შესაძლებლობებს.
  ხატვით თერაპია მოიცავს ნახატების გაფერადებას, შემოქმედებით ხატვას, ან ხატვას თერაპევტის დავალებით. მოდით გადავხედოთ თერაპიის მარტივ მაგალითებს :)
1.რომ განიკურნო შიშისგან, უნდა დახატო შიში, როგორც წარმოგიდგენია. შემდეგ უნდა გააანალიზო რა გაშინებს. შემდეგ დაამატე დეტალები, რომლებიც მას უკვე არასაშიშს გახდის.
2.ვისაც დეპრესია აწუხებს, უნდა მოიშოროს ყავისფერი და შავი ფერის ფლომასტერები. შეიცვალოს მკვეთრი, ნათელი ფერებით. უნდა დახატოს ის, რაც ადრე ახალისებდა, დაკიდოს თვალსაჩინო ადგილას და როცა მოიწყენს, შეხედოს, ათვალიეროს.
    ხშირად თერაპევტი აძლევს პაციენტს დავალებას, რომ დახატოს რაიმე სურათი. ასეთი ცნობილი დავალება არის ვარდის ბუჩქი, თერაპევტი აკვირდება, თუ როგორ გამოიყურება ბუჩქი, ასევე ავალებენ ოჯახის, იჯახის წევრების დახატვას, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ერთი და ორი ნახატი დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა. აი მაგალითად, ბავშვები სპონტანურები არიან, მათ სწრაფად ეცვლებათ განწყობა, ამიტომაც მათი ერთჯერადი ნამუშევრები ნაკლებად სანდოა, თუმცა ისინი, მართალია, ზრდასრულებისაგან განსხვავებით უფრო ღარიბი ფორმებით , მაგრამ მეტად ემოციურად და მგრძნობიარედ ხატავენ, მაგრამ ფსიქოლოგების თქმით, არ უნდა გახდეს შეშფოთების მიზეზი ის, რომ ბავშვი სისტემატურად ხატავს ურჩხულს, ეს არ ნიშნავს რომ მას აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური დარღვევა, შეიძლება მან უბრალოდ მულტფილმი ნახა ან ეს პერსონაჟი კომპიუტერული თამაშიდან დაამახსოვრდა (თუმცა აგრესეული თამაშების მავნე ზეგავლენა სხვა საკითხია), ბავშვები ხშირად სარკისებურად ასახავენ თავიანთ ემოციებსა და განცდებს, და მან ეს პირდაპირ დახატა, მაგრამ როდესაც ზრდასრული ადამიანი ხატავს ბოროტ ურჩხულს ან რაიმე მის მსგავსს, ეს უკვე შეიძლება იყოს ფიქოლოგიურ პრობლემაზე მიმანიშნებელი, ცხადია, ეს არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დიაგნოსტირების საშუალებას, მაგრამ იძლევა გარკვეულ მანიშნებლებს, რასაც შეიძლება ჩაეძიო და ჩაუღრმავდე. დიაგნოსტირებისას მნიშვნელობა ენიჭება რა ფერებს გგამოიყენებს ადამიანი, როგორ ფორმებს, სად განალაგებს ამა თუ იმ ფიგურას, ფურცლის რომელ მხარეს დატვირთავს მეტად და ა.შ.

понедельник, 4 июня 2012 г.

არტ–თერაპიის საწყისები

   არტ–თერაპიის სული ჩამდგმელად პითაგორას მიიჩნევენ, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ფიზიკურ და სულიერ სნეულებებს ქნარზე შესრულებული მუსიკით კურნავდა. არტ–თერაპია დაკავშირებულია მითოლოგიური პერსონაჟის, ანტიკური ღვთაების სახელთანაც, დიონისე ბაკქოსის დღესასწაულებზე გამართული თეატრალური სანახაობა–კარნავალი, რომელშიც მთელი მოსახლეობა ღებულობდა მონაწილეობას, შესაძლებელია თანამედროვე არტ–სესიის წინაპრადაც მივიჩნიოთ, ტერმინი არტ–თერაპია ფსიქიატრსა და არტ–თერაპევტს – ა..ჰილს –ეკუთვნის, რომლის ნაშრომმა ''სახვითი ხელოვნება ავადმყოფობის წინააღმდეგ'' ავტორის კლინიკური გამოცდილება შეაჯამა. არტ_თერაპიული მეთოდების ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვით იუნგს, მორენოს, ლომბროზოს, კლაენს, მილნერს, კელის და სხვებს.ფსიქიკურ აშლილობათა კვლევის, დიაგნოსტირებისა და შემდგომი კორექციისთვის, საოჯახო და ჯგუფური ფსიქოთერაპიული სეანსებისა და სარეაბილიტაციო პერიოდის თანმხლები მკურნალობის დროს ხელოვნებით თერაპია შეუცვლელი მეთოდია და ჯერ კიდევ ფსიქოანალიზის აღმოცენების დროიდან აქტიურად გამოიყენება.კარლ გუსტავ იუნგი, ცნობილი შვეიცარიელი ფსიქიატრი, ზიგმუნდ ფროიდის მიმდევარი, ანალიტიკური ფსიქიატრიის ფუძემდებელი და “კოლექტიური ცნობიერის” მკვლევარი, თავის ნაშრომებში მიუთითებდა, რომ სიმბოლური ენა, რომელიც ხელოვნების ნიმუშების მეშვეობით მეტყველებს, ყველაზე ნათლად გამოხატავს პიროვნების “ შინაარსს” და მის ქვეცნობიერს, ფარულ და ხშირად პიროვნებისთვისვე უცნობ შფოთსა და წუხილს, რაც არაერთი ფსიქიკური პრობლემის მიზეზი ხდება.
  ხელოვნებით საკუთარი განცდების გადმოცემას და შემდგომ ამ შინაარსის მიხედვით საკორექციო სამუშაოების ჩატარებას იუნგი “კომპენსატორულ პროცესს” უწოდებდა და საკუთარი პაციენტების შემოქმედებით პოტენციალს ხშირად იყენებდა დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. სიმონამ მხატვრული შემოქმედებისადმი დიაგნოსტიკურ მიდგომას ჩაუყარა საფუძველი და მხატვრული სტილის თავისებურებები ფსიქოლოგიურ ნიშან–თვისებებს დაუკავშირა. მხატვარმა დებიუფემ სულიერად  დაავადებულთა  ნახატების სოლიდური კოლექციას შეაგროვა და მანვე ჩამოაყალიბა მხატვრული საზოგადოება, რომელშიც მხატვრები და ექიმები გაერთიანდნენ. დებიუფე საკუთარ შემოქმედებაში ფსიქიატრიულ პაციენტთა თავისებური მხატვრული ექსპრესიის იმიტაციასაც ცდილობდა, მხატვრის მოღვაწეობამ ზეგავლენა მოახდინა არაერთი შემოქმედის მსოფლმხდველობაზე:ერთნი პაციენტთა შემოქმედებას  საკუთარი მოღვაწეობის სტიმულად აღიქვამდნენ, მეორენი–კლინიკებში მხატვრულ სტუდიებს ქმნიდნენ.
   არტ–თერაპიის განვითარებაში გამორჩეულია ჯეიკობ მორენოს ფსიქოდრამის როლი და მნიშვნელობა. ფსიქიატრიულ კლინიკაში, კერძოდ ნიუ–იორკის შტატში დაარსებულმა თეატრმა მე–20 საუკუნის ოციან წლებში პაციენტები არა უბრალოდ ჩართო მხატვრულ შემოქმედებაში, არამედ დრამატული ხელონება ეფექტურ თერაპიულ ტექნიკადაც აქცია.
  სიტყვასიტყვით “არტთერაპია” ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს და აქცენტი ამ შემთხვევაში კეთდება არა მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე ნაწარმოებების შექმნაზე, არამედ თავად შემოქმედების პროცესის თერაპიულ ეფექტზე.
  შესაძლოა, ბევრს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ ეპოქაში, სადაც “აპარატურული”, ტექნიკური მიღწევებით გაჯერებული სამედიცინო მომსახურება და ფარმაკოლოგია წამყვან როლს ასრულებს ავადმყოფის მკურნალობაში, არტთერაპია უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება და მსოფლიოს უამრავ კლინიკაში იმკვიდრებს ადგილს.
  დღესდღეობით არტთერაპიას სულ უფრო ხშირად მიმართავენ ისეთ რთულ შემთხვევებშიც, როდესაც პაციენტთან კომუნიკაციის დამყარება მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელი ხდება. თვითგამოხატვის ეს ფორმა საკმაოდ ინფორმაციულია და სპეციალისტს საშუალებას აძლევს, სწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში მკურნალობის მართებულ გზას მიმართოს. მსოფლიოს მრავალს ქვეყანაშია ჩამოყალიბებული არტ–თერაპევტთა კომიტეტები და ასოციაციები.

არტ_თერაპია საქართველოში


    მოდით, თვალი გადავავლოთ, არტ–თერაპიის ცენტრებს და ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევებს ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში:
1. „ალტერ ეგო“ – კავშირი
დღის მომსახურების ცენტრი
სერვისის მომხმარებელი: ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები
მომსახურების ფორმა: მკურნალობა, რეაბილიტაცია (არტ–თერაპია, ჯგუფური შეხვედრები, ერგოთერაპია, კულტურული ღონისძიებები), საგანმანათლებლო საქმიანობა, მოსახლეობის ინფორმირება
მისამართი: თელავი, რუსთაველის ქ.11
ტელეფონი: 8(250) 7 51 93
ელ–ფოსტა: alteregou@yahoo.com
ვებ–გვერდი:
საკონტაქტო პირი: ირინა გეგეჭკორი (თავმჯდომარე)
2."თემი ქედელი“ (სიღნაღის რეგიონის უმწეოთა თერაპიის კავშირი)
სადღეღამისო, საცხოვრებელი დაწესებულება
სერვისის მომხმარებელი: გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირები 16 წლის ასაკიდან
მომსახურების ფორმა: შრომა სოციალურ–თერაპიულ სახელოსნოებში (საბაღე–სამეურნეო სამუშაოები, ძროხების ფერმა, გობელენის და თექის დამზადება), არტთერაპია, მუსიკა, დრამა
3. „მშობელთა ხიდი“
დღის მომსახურების ცენტრი
სერვისის მომხმარებელი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშები ფსიქიკური პრობლემებით
მომსახურების ფორმა: არტთერაპია, მუსიკა–თერაპია, დრამთერაპია, ქართული ქორეოგრაფია, სპორტული დარბაზი, ტრენაჟორები
მისამართი: თბილისი, ჩიქობავას ქ.29
ტელეფონი: 877 47 34 40
ელ–ფოსტა: teonakacheishvili@yahoo.com, ktea@rambler.ru
ვებ–გვერდი: www.specialneeds.org.ge
საკონტაქტო პირი: თეონა ყაჭეიშვილი (თავმჯდომარე)
4.„რეა“ – კავშირი
დღის აქტივობების ცენტრი
სერვისის მომხმარებელი: გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები და მოზრდილები
მომსახურების ფორმა: თერაპიული შრომა სახელოსნოებში, არტთერაპია, დრამა
მისამართი: თბილისი, ჭონქაძის ქ.29
ტელეფონი: 93 34 42, 893 50 14 47, ფაქსი: 98 61 71
ელ–ფოსტა: else@caucasus.net
ვებ–გვერდი:
საკონტაქტო პირი: ციცი წიქორიძე
5.სოციალური თერაპიის სახლი (კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ)
დღის აქტივობების ცენტრი
სერვისის მომხმარებელი: გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირები 16 წლის ასაკიდან
მომსახურების ფორმა: შრომა სოციალურ–თერაპიულ სახელოსნოებში, არტთერაპია, დრამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა
მისამართი: თბილისი, უბილავას ქ.9
ტელეფონი: 77 63 07, 77 54 85. ფაქსი: 77 54 85
ელ–ფოსტა: info@apnsc.ge
ვებ–გვერდი: www.apnsc.ge
საკონტაქტო პირი: ნანა ლომაძე, ნანა ჩიტალაძე (მენეჯერები)
6.უნივერსიტეტის სოციალ–თერაპიული სახელოსნო (კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ)
დღის აქტივობების ცენტრი
სერვისის მომხმარებელი: გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირები 16 წლის ასაკიდან
მომსახურების ფორმა: შრომა სოციალურ–თერაპიულ სახელოსნოში, არტთერაპია, პოლიგრაფიული მომსახურება დამკვეთებისთვის
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 11, თსუ III კორპუსი
ტელეფონი: 898 22 94 86, 22 42 49, 77 63 07. ფაქსი: 77 54 85
ელ–ფოსტა: maikiru@mail.ru, info@apnsc.ge
ვებ–გვერდი: www.apnsc.ge
საკონტაქტო პირი: მაია კარბელაშვილი (მენეჯერი)
7.ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი (საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია)
დღის მომსახურების ცენტრი
სერვისის მომხმარებელი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები
მომსახურების ფორმა: მულტიდისციპლინური გუნდი – მკურნალობა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია (არტთერაპია, ერგოთერაპია); კოგნიტურ–ბიჰევიორული თერაპია, ფსიქოთერაპია
მისამართი: თბილისი, ასათიანის ქ.10
ტელეფონი: 31 10 80
ელ–ფოსტა: achiko@gamh.org.ge
ვებ–გვერდი:
საკონტაქტო პირი: არჩილ ბეგიაშვილი
8.არტ–თერაპიის განყოფილება არის ასევე ხონის ფსიქოთერაპიულ საავადმყოფოში
    ამგვარად, როგოც ჩანს, საქართველოში მხოლოდ ათამდე ფსიქოთერაპიული დაწესებულება იყენებს ფსიქოლოგიური დახმარების საქმეში არტ–თერაპიის მეთოდს, ანუ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო ჯერჯერობით საკმარისად კარგად განვითარებული არ არის, თუმცა სასიხარულოა რომ მისი  განვითარების მხრივ ძვრები შესამჩნევია, რასაც ადასტურებს, თუნდაც ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ამ მეთოდმა ამოქმედება ზემოთ ხსენებულ დაწესებულებებში. 

воскресенье, 3 июня 2012 г.

პროექტის აღწერა

  იმდენად რამდენადაც, ჩემი კვლევითი ვებ–პროექტი ეხება ხელოვნებით მკურნალობას და განიხილება, როგორც ხელოვნების ფსიქოლოგიის ერთ–ერთი მიმართულება, თემას ხელოვნების ფსიქოლოგიის შესახებ მოკლე მიმოხილვით ვიწყებ, შემდეგ ვსაუბრობ ზოგადად ფსიქიკურ აშლილობასა და თერაპიაზე, შემდეგ მკითხველს ვაცნობ  თუ  როგორ შეიძლება განვიკურნოთ თავი ჩვენივე შემოქმედებით,  რას ნიშნავს ხელოვნებით მკურნალობის თანამედროვე მეთოდი– არტ–თერაპია, სად გვხვდება მისი საწყისები, როგორ განიხილავდა პითაგორა ხელოვნებას, როგორც მაკათარზისებელი ფუნქციის მქონეს, დღეს კი რა მიმართულებები გააჩნია ხელოვნებით მკურნალობის ამ სახეს, განვიხილავ ამ მიმართულებათაგან ოთხს: ხატვით, ფერებით, მუსიკითა და ზღაპრით თერაპიას,  ამასთან ერთად განვიხილავ ზოგადად რა გავლენას ახდენს მუსიკა ადამიანზე და როგორ გამოიყენება მუსიკით თერაპია ბავშვებთან მიმართებით, როგორ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობის წარმართვა არტ_თერაპიაში. ვატარებ კვლევებს, რომელთა მიზანია გაარკვიოს რამდენად პოპულაულია ეს დიაგნოსტიკური სამკურნალო მეთოდი საქართველოში, რამდენად იცნობენ მას, და ბოლოს, ვასახელებ იმ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებს საქართველოში, სადაც აქტიურად იყენებენ ხელოვნებით მკურნალობის მეთოდს. პროქტის ილუსტრაციისთვის ვიყენებს ფოტო და ვიდეო მასალებს.

პროექტის მიზანი

  ჩემი  კვლევითი ვებ–პროექტი სახელწოდებით ,,როგორ კურნავს ხელოვნება ადამიანებს'', მიზნად ისახავს მოიძიოს ინფორმაცია ხელოვნებით მკურნალობის თანამედროვე მეთოდის – არტ–თერაპიის შესახებ, ამასთანავე, გაარკვიოს რამდენად გამოყენებადია იგი საქართველოში და რამდენად საჭიროებს იგი პოპულარიზაციას.